| ➷Mariami❀ | თარიღი: სამშაბათი, 25 თებ 2025, 1:34 AM | შეტყობინება # 1 |
-ადმინისტრატორი*
სტატუსი: Offline
| ინდური კულტურა და სამზარეულო მრავალფეროვანი და საინტერესოა. უამრავი სახეობის კერძმა ქართველების ყურადღებაც მიიპყრო და თბილისში რამდენიმე რესტორანიც გაიხსნა. ერთ-ერთ მათგანს ვესტუმრე და ვინაიდან მათი ინდოელი შეფ-მზარეული - მაჰადევ პრაშადი ვერც ერთ უცხოურ ენაზე ვერ ლაპარაკობს, რესტორნის მენეჯერის - ქრისტინე დავრეშოვას დახმარებით, ბევრი რამ შევიტყვე. ამ ქვეყნის სიდიდისა და ფართობიდან გამომდინარე, ყოველ მხარეს თავისი ტრადიცია აქვს. ბუნებრივია, ყველა კერძს ვერ მიმოვიხილავთ, მაგრამ ამჯერად შევეცდებით ზოგიერთი მათგანის შესახებ ვისაუბროთ.
ინდური "მწვადი"
ინდოელები ხორცს სხვადასხვანაირად ამზადებენ და "გრევში" დებენ, რომელიც შეიძლება 20-ზე მეტი სახეობის იყოს. ხშირად ვუყურებ ინდურ ფილმებს და არ არსებობს ფილმი, სუფრაზე რომ არ გამოჩნდეს მათი კერძი "მაჰარაჯა სპეცია ტიკა", რომელშიც რამდენიმე სახეობის ხორცია. ის შამფურზე იწვება, ჩვენებურ მწვადს ჰგავს, მაგრამ განსხვავებულია. "მაჰარაჯა" მეფეს ნიშნავს და 2 საუკუნის წინ რასაც მეფეები მიირთმევდნენ, ახლაც იმითაა გამორჩეული.
ფერად-ფერადი ბრინჯი
ბრინჯი სხვადასხვა ფერისაა. მაგალითად - ვარდისფერი, ყვითელი, მწვანე. ამ შეფერილობას არა საღებავებით, არამედ სხვადასხვა სუნელისა და ბოსტნეულის დამატებით იღებენ. შეიძლება რომელიმე ბოსტნეულის კანი გაატარონ და ბრინჯს შეურიონ. მაგალითად - კიტრი მომწვანო ფერს აძლევს. ამ სხვადასხვა ფერის ბრინჯში სხვადასხვანაირად მომზადებული ხორცია მოთავსებული - თევზის, ქათმის ან ხბოსი. აღსანიშნავია, რომ ისინი ძროხისა და ღორის ხორცს არ მიირთმევენ. მოგეხსენებათ, ამას თავისებური რელიგიური დატვირთვა აქვს. ზოგიერთი სახეობის ხორცი ტაფაზე არ იწვება, რადგან ზეთში ისეთი გემრიელი არ გამოდის.
ქათამი ინდურად
ინდოელების კერძი - "ჩიქენ კორმა" ძალიან ჰგავს ჩვენებურ საცივს. იგი ნიგვზის ნაცვლად, თხილის მსგავსი მცენარისგან მზადდება, ოღონდ მოტკბო გემო აქვს და "ჰანი" ჰქვია. "კარანი ჩიქენ" - ეს არის ქათმის ფილე "გრევში", რომელიც ყვითელი ფერისაა, მასში დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ბლომად ხახვი და სხვადასხვა ფერის სუნელია. ეს ყველაფერი თავისებურ, სპეციფიკურ გემოს აძლევს და რადგან მასში დიდი რაოდენობის სუნელია, ინდოელებისთვის განსაკუთრებული კერძია.
ცხელი ბოსტნეული, ცივი სალათების ნაცვლად
ინდოელებს კიტრისა და პომიდვრის გარდა, სალათები არა აქვთ. ბოსტნეულისგან ძირითადად ცხელ სადილს ამზადებენ და არა - ცივ სალათებს. ამას ჰქვია მიხედ ვეგეტაბლე. მასში ბევრი რამ შედის - ბარდა, კარტოფილი, მწვანე ლობიოსმაგვარი მცენარე, ასევე წითელი ლობიოს მსგავსი, ოღონდ - ყავისფერი მცენარე, და ყველი, რომელსაც აუცილებლად თვითონ აკეთებენ. ეს ყველაფერი "გრევში" იყრება, რომლის შემადგენლობაშიც შედის გატარებული პომიდორი, ხახვი და ნიორი, ასევე 7-8 სახეობის სუნელი.
ძალიან უყვართ ყვავილოვანი კომბოსტო, რომელსაც გობის ეძახიან. უგემრიელესია დაჭრილ, მოხარშულ კარტოფილთან ერთად, ოღონდ ესეც ცხელი კერძია.
ინდური პური
ინდური პური სტანდარტულისგან განსხვავებულია - ის მეორე დღეს აღარ ვარგა, რადგან უგემურია. საფუარს საერთოდ არ შეიცავს და მასში მხოლოდ ფქვილი, წყალი და მარილია. პატარა რგოლებს აკეთებენ, ხელზე აბრტყელებენ, მერე კი ტაფაზე ან თონეში აცხობენ. თხელ ლავაშებს ჰგავს.
სუნელები
ნაირგვარი სუნელის დამატებით ინდური კერძები ძალიან ცხარეა და რომელიმე რომ დააკლონ, ის გემო აღარ ექნება, რაც საჭიროა. ამიტომ კლიენტებს ურჩევნიათ თუნდაც ძალიან ცხარე, მაგრამ გემრიელი კერძი მიირთვან.
ბევრ კერძში ჩვენთვის კარგად ნაცნობ ძირას ამატებენ. ინდოეთში ბევრია დაფნის ფოთოლი. ზოგიერთ მცენარეს შეიძლება ჩვენ ყურადღებაც არ მივაქციოთ, მათ კი სუნელად გამოიყენონ. კრეფენ, რეცხავენ, აშრობენ და ფქვავენ, ან მთელს იყენებენ. ის ინგრედიენტები, რაც საქართველოში არ იყიდება, დუბაიდან ჩამოაქვთ. მოგრძო, მწვანე მცენარე "ფალი" ზოგიერთ აქაურ სუპერმარკეტშიც იყიდება.
Mariami
|
| |
| |
| ➷Mariami❀ | თარიღი: სამშაბათი, 25 თებ 2025, 1:35 AM | შეტყობინება # 2 |
-ადმინისტრატორი*
სტატუსი: Offline
| ტრადიციული ინდური ქორწილი
ინდოეთში თითქმის არ არსებობს საშუალო ფენა. ან ძალიან მდიდრები არიან, ან - ღარიბები. წესის თანახმად, ქორწილში დიდი რაოდენობით ტკბილეულს ამზადებენ. მდიდრებთან აუცილებლად თვალში მოგხვდებათ ყვითელი ფერის მრგვალი ბურთულები, რომელსაც ლადუს ეძახიან და ურიგებენ ყველას, ვინც გასათხოვარი ან უცოლოა, რათა მიირთვან და ღამით თავიანთი საბედო ნახონ. ყვითელი ბარდა, ბრინჯი და პური მათი ქორწილების განუყოფელი ნაწილია.
Mariami
|
| |
| |